gorgia
ავერსი legi

არ ვარგა სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა - ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს, მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა, რაც უხარია სააკაშვილს, ის არ უხარია ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიას მიაწოდეს სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რომ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა.

„ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ სანქციების რეჟიმი არ ირღვევა ყულევში. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში. ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია, დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ლოგიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ არ მოხვდება [სანქციების პაკეტში], დაველოდოთ ევროკომისიის პოზიციას. არ ვარგა, რა თქმა უნდა, სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა, ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს, მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა, რაც უხარია სააკაშვილს, ის არ უხარია ქართველ ხალხს. ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია და ნამდვილად არ არის კარგი სასანქციო პაკეტში მისი მოხვედრა. ყულევში გაიზარდა ექსპორტი, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა. შემოდის ნავთობპროდუქტები, გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე და სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა“,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „მტკიცედ უჭერს მხარს ყულევის პორტის სანქცირებას“. სააკაშვილის თქმით, ეს არის თაღლითური ოპერაცია, რომელიც ემსახურება რუსეთისა და ივანიშვილის ერთობლივ ინტერესებს და უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს.

43