დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება კლასტერულიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადადის.
ამირან გამყრელიძის თქმით, ინციდენტობის მაჩვენებელი ყველა რეგიონში მომატებულია. კორონავირუსის ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა დღეს, 13 აპრილს, თბილისში დაფიქსირდა, მეორე ადგილზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთია. ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევების სამეგრელოში სერიოზულად იმატებს და საჭროა ყველა პრევენციული ღონისძიების დაცვა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია:
“უკვე კლასტერებიდან გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე. ყველა რეგიონში უკვე გვაქვს ინციდენტობის საკმაოდ მომატებული მაჩვენებელი. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, იმერეთი და დანარჩენი რეგიონები. იმატებს სამეგრელოში სერიოზულად ინციდენტობის მაჩვენებელი ამიტომ სიფრთხილე და ყველა ღონისზიების დაცვა აუცილებელია.
ამას ემატება კიდევ მეტი ინტენსიფიკაცია აცრების. გასაგებია, რომ კუმულაციური იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ყოველი 100 აცრილი ნიშნავს ერთ გადარჩენილ ადამიანს. რაც მეტი იქნება 55 წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ხანდაზმული გადარჩება” — ამბობს ამირან გამყრელიძე.