ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის განცხადებით, უკრაინაში, კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ბუბა კიკაბიძის სახელი ეწოდება. ამის შესახებ სოსო აბზიანიძემ გადაცემა “შუადღე ლაივის” ეთერში განაცხადა.
“მე მინდა კარგი ამბავი გითხრათ, უკრაინაში გადაწყდა, რომ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ეწოდოს ვახტანგ კიკაბიძის სახელი. მე გუშინ დამირეკეს და მითხრეს ამის შესახებ. მომავალში რა თქმა უნდა მის ძეგლზეც ვფიქრობთ,”- განაცხადა სოსო აბზიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.