რამდენიმე ყოფილმა ელჩმა ევროკომისიის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს, უზრუნველეყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
„სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია.
უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის ნაცვლად ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს, უზრუნველეყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ყველა დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი შეუძლია, შეუერთდეს ამ განცხადებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.