ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყანრებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის და როგორ უნდა წავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, რომ გამოიწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა. ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში, ის ერთიანობა, რომელიც, თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად, არამხოლოდ საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ – მთელმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ამავდროულად, ეს იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და საზოგადოების ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. უკვე გითხარით, რომ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა ამ გზაზე და გასაგებია, რატომაც. ნუ გეშინიათ, რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ვეტოს დაადებს ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან.
„ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს. ეს ვეტო უკვე აღარ არის ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით. თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არ არის პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის სწორედ ის, რითაც ჩვენ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ, სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს. მე აქ ვარ, ამერიკაში, მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, გავამაგროთ ჩვენი პოზიციები. ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა, სად დგას, რა უნდა და ამაში არავის შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს. მე ვარ თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენ გვერდით“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.