ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეცდომები იყო და ხელიდან გაექცათ პანდემიის მართვა, თუმცა არ ყოფილა არაოპტიმალური კლინიკური მართვა. მისი თქმით, გაზრდილი სიკვდილობის მიზეზი კლინიკებში სამედიცინო მომსახურება არასდროს ყოფილა.
"შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა, მკურნალობა. მკურნალობა რომ ყოფილიყო ცუდი, მაშინ იქნებოდა არამხოლოდ გარდაცვალების ზოგადი მაღალი რიცხვი, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ეს ჩვენთან არცერთხელ არ ყოფილა 1,5-ზე მეტი და დღეს 1,3-ია. დავითვალეთ კლინიკაში მოხვედრილები, ჩვენს კლინიკებში საშუალო სიკვდილობა 6-7%, მსოფლიოში კლინიკებში სიკვდილობა არის 10-11%. ამით მე ვამტკიცებ მხოლოდ ერთ რამეს — კლინიკებში სამედიცინო მომსახურება არასდროს არ ყოფილა გაზრდილი სიკვდილობის მიზეზი", — განაცხადა ცერცვაძემ პალიტრანიუსთან.
ცერცვაძის თქმით, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ პანდემიას კარგად მართავს, აქ გულისხმობს, რომ შესაძლოა დანაკარგი იმაზე მეტი ყოფილიყო, ვიდრე არის.
"როცა ვამბობთ გაგვექცას, გაგვექცა პირველ წელთან შედარებით, მაგრამ, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ კარგად მართავს, გულისხმობს, რომ დანაკარგები შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი რომ ემართათ ცუდად", — ამბობს ის.
18 იანვარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მათ ეპიდემია მართეს. ასე უპასუხა მან კრიტიკას იმაზე, თუ რატომ იდგა მკაცრი შეზღუდვების საჭიროება 2020 წელს და რატომ არ არის ის ახლა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 162 773, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328-მდე, დღემდე ვირუსს ჯამში 14 945 პირი ემსხვერპლა.