ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გაანადგურეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ტელეგრამ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაა, ბევრი პაციენტი სარდაფში იმყოფება და იქიდან მათი გამოყვანა ვერ ხერხდება.
"იზიუმის საავადმყოფო განადგურებულია, მასში არც სინათლეა, არც გათბობა და არც წყალი. ექიმები ავადმყოფებს ვერ ეხმარებიან. სასწრაფო დახმარების მანქანები ოკუპანტებმა დაცხრილეს და ისინი ახლა არ მუშაობენ.
საავადმყოფოს სარდაფში რჩებიან პაციენტები - ავადმყოფები და მძიმედ დაჭრილები. მათი ევაკუაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის," - ნათქვამია ტელეგრამარხ "სახალხო ხარკოვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.