ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია.
„9 აგვისტოს, „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან ჩაწერა.
ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. თუმცა, ჟურნალისტის კითხვებიდან და პოზიციონირებიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ და კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ მედიას არა ამ დასკვნის საზოგადოებისთვის გახსენების სურვილი, არამედ სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებდა. „რადიო თავისუფლებას“ სურდა, ჰაიდი ტალიავინისგან მიეღო ახალი, განსხვავებული პოზიცია აგვისტოს ომის შესახებ, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას გააფერმკრთალებდა. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა.
აგვისტოს ომზე დასკვნის მომზადება ტალიავინს ევროკავშირმა დაუკვეთა და შვეიცარიელი დიპლომატი ომთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს სწორედ ამ უმაღლესი მანდატით აგროვებდა. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ერთიან დასკვნას დაეთანხმნენ როგორც რუსეთი, ისე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რითაც დასკვნაში მოცემული ფაქტების უტყუარობა ორივე მხარემ დაადასტურა.
რუსეთის მიერ დოკუმენტზე დათანხმება სრულიად გასაგებია, რადგან დასკვნაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ქართული მხარის მიერ დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე პასუხად შეფასდა. მეტიც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს ჰქონდა სამართლებრივი უფლება შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ის, რომ რუსეთს სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის ქმედებებმა შეუქმნა, ტალიავინიმ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც მკაფიოდ გაიმეორა. მეტიც, ტალიავინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოში შემოსვლის საგანგებო ლეგიტიმაცია სამშვიდობო ძალებზე თავდასხმამ მიანიჭა, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ქართული მხარის მიერ დადასტურებული მანდატით მოქმედებდნენ. ეს გარემოება სწორედ ტალიავინის ბოლო ინტერვიუდან გახდა აქტუალური, რადგან ამ საკითხზე აქამდე ყურადღება არცერთ შემფასებელს არ გაუმახვილებია.
რუსეთის პოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს არავითარი ახსნა არა აქვს. ტალიავინის დასკვნის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 7 აგვისტოს განახორციელა მასირებული შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალზე. ამით, მან რუსეთის ფედერაციას შეუქმნა საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი, რითაც რუსეთმა ისარგებლა კიდეც და საპასუხო სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში.
ცხადია, ზემოაღნიშნულ ქმედებებზე რუსეთის პასუხი სააკაშვილს კარგად უნდა ჰქონოდა გააზრებული და ამდენად, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული გეგმის ნაწილი იყო. სააკაშვილმა შეგნებულად გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი წლით ადრე საქართველოდან გასული რუსული ჯარი საქართველოში შემოებრუნებინა.
კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დაწყების საკითხზე საუბარი დანაშაულია და ის ტაბუდადებულ თემად უნდა დარჩეს. ამ ფონზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება მათ ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარეს, ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საპასუხო და სამართლებრივად დასაბუთებულ ქმედებად გამოაცხადეს.
„რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს ჰაიდი ტალიავინისთან ერთვის პუტინის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ მოწონებული და დამტკიცებული „ქართული ოპერაციის“ გეგმა ჯერ კიდევ 2007 წელს არსებობდა. თუმცა, ჟურნალისტის ეს მცდელობაც, სააკაშვილის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულს გამართლება მოუძებნოს, სრულიად უსუსურია. შეგახსენებთ, რომ ორივე კონფლიქტურ რეგიონში პროვოკაციების სერია სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო, რაც როგორც რუსულ, ისე ქართულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა. 2004-2008 წლებში, რამდენიმე ათეულ ინციდენტს, მათ შორის ინტენსიურ შეიარაღებულ დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნულის კვალდაკვალ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირები, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრები აქტიურად აკეთებდნენ მილიტარისტულ განცხადებებს, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და ესკალაციას ხელოვნურად აღვივებდნენ.
ცხადია, სააკაშვილის გეგმები 2004 წლიდან მარტივად იშიფრებოდა და რუსეთის ხელისუფლებას ეს მხედველობიდან არ გაუშვია. თუმცა, ოთხწლიანი განუწყვეტელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის სამართლებრივი საფუძველი რუსეთს შექმნილი არ ჰქონდა და ისიც ომს არ იწყებდა. ამის გამო, სისრულეში ვერ მოდიოდა გეგმის მთავარი ნაწილი - „ნაცმოძრაობას” რუსული ჯარი საქართველოში ვერ შემოჰყავდა.
სააკაშვილი და მისი მფარველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად. ტალიავინის დასკვნის მიხედვით, ამგვარი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 7 აგვისტოს შექმნა, როდესაც ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შედეგად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და რუსული ჯარი საქართველოში შემოვიდა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ამ ფაქტობრივ მოცემულობას აღიარებს თავად “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ჯერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმა.
ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.
გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და ამ პოლიტიკურ ძალას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს. მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია. დღეს, როდესაც ჰააგასა და სტრასბურგში სამართალწარმოება დასრულებულია, მინიშნებებით საუბრის დრო აღარ არის. დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“ - აღნიშნულია პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.