ღვინის ეროვნული სააგენტოს და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine 2024” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდა.
გამოფენა ,,RAW Wine”, რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, თავს უყრის მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინოებს, წარმოების უძველეს ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ისტორიას.
ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.
პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2013 წლიდან განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება.