კარგი იქნება, მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა. ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ისეთმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, ვინმეს რამე რჩევა მისცეს, საერთაშორისო სამართალი უნდა იცოდეს.
„ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა, ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა სავარაუდოდ ამის შესახებ არაფერი იცის. ბუნებრივია, საკითხზე რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება რთული იქნება. უბრალოდ კარგი იქნება, მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებს და ამ ფონზე საქართველოსთან დაკავშირებით ალექსეი არესტოვიჩის განცხადება გაუგებარია.
„საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, რათა გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს, დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან, დამთავრებული საერთაშორისო ფორუმებში უკრაინის მხარდაჭერით. ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპის ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური ხასიათისაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.