შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი რომელიც გაბრაზებულია - საქართველოს პრეზიდენტის პირველი კომენტარი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.
სალომე ზურაბიშვილმა განცხადება ქალთა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დავიმსახურეთ. მისივე თქმით, ევროპას არ "გადავუგდივართ" და მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, მივიღეთ აღიარება.
"ფაქტი ფაქტია და ფაქტს ვერ გავექცევით, მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყრათ, ეს არ არის არც ქართული ხასიათი არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედიც მაქვს, ვინც გუშინ იყო გამოსული, ვინც სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს, მე ვიცი რომ თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების და არც წუწუნის დრო არ არის, რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება- რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო, ჩვენი ბრალია. ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ იმის მერე, რაც გააკეთა ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, რომ ისე ჩამოვრჩით ჩვენს 2 მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია აბა ვისი?!
ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით. როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულას ბრიფინგიდანაა პირველი ცნობები, რაც ვრცელდება. პირველ რიგი, უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია და უნდა ვიცოდეთ როგორ წავიკითხოთ. კანდიდატის სტატუსი არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზედაც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ ის აღიარება და იმედია ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც აქამდე არავის არ უთქვამს ჩვენთვის." ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი ევროკომისიის პასუხად აპირებს გააგრძელოს ეროვნული თანხმობის პროცესი და პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც საზოგადოებას, ისე პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას.
"6 თვე აქვთ [ხელისუფლებას] და 6 თვის ბოლოს თუ ისევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. არც ჩემგან არც თქვენგან, საზოგადოებისგან." თქვა სალომე ზურაბიშვილმა.