საქართველოს ინტერესები არ ითმობა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს სანქცირებულ პოლიტიკოსებს შორის.
მისი განმარტებით, სხვადასხვა ძალის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს ვერავინ გამოიყენებს.
„ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით, როდესაც ქვეყნის და ხალხის ინტერესს ეხება საქმე. საქართველოს ინტერესები არ ითმობა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცის ინტერესის გასატარებლად ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული და მივიღოთ ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაცვლად არჩევნებს საქართველოში ამერიკის მაღალჩინოსნები ატარებენ.
„სამწუხაროა, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. ზოგიერთ პოლიტიკოს საქართველოში წამოცდენები აქვს სანქციებთან დაკავშირებით, ეს პროცესები, განცხადებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამძაფრდება. დალაგებული აქვთ ყველაფერი, სად და როდის ვინ უნდა გამოვიდეს, ვინ რა უნდა თქვას, რომ მაქსიმალურად მიეხმარონ ოპოზიციას, რათა როგორმე სახე შეინარჩუნონ და მოახერხონ მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს. ეს ცუდია, არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩაერიოს. იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. რაც არ უნდა განცხადებები აკეთონ, აქ ჩამოვიდნენ და უშალოდ ხალხთან დაიწყონ შეხვედრები რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება, რადიკალიზმი მარცხისთვისაა განწირული“,- აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, მან „სისულელე“ უწყოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გზავნილი მიიღო, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს.
"საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? ამ სისულელეებისთვის დრო არ მაქვს",- აღნიშნა კალაძემ.