ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა, წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, iAgua Awards 2026-ის საზეიმო ცერემონიაზე „წლის კომპანიის“ ჯილდო მოიპოვა. დაჯილდოება წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების - Smart Water Summit 2026-ის ფარგლებში გაიმართა. კონგრესმა 500-ზე მეტი დელეგატი და 141 სპიკერი გააერთიანა წყლის რესურსების მართვის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების გზების განსახილველად.
აღნიშნული ჯილდო განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან წელს Aqualia-ს ბრენდი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ, მიღებული ჯილდო Aqualia-ს 15,000-ზე მეტ თანამშრომელს მიუძღვნა, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე.
„უკვე მეოთხედი საუკუნეა, ეს ბრენდი ჩვენს მთავარ ღირებულებებს - მაღალ პასუხისმგებლობას, ინოვაციასა და მდგრადობას აერთიანებს“, - აღნიშნა სანტიაგო ლაფუენტემ.
iAgua-ს აღიარება Aqualia-სთვის გამორჩეულად წარმატებულ წელს მოჰყვა. კომპანიამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯი გადადგა და 30-წლიანი კონტრაქტებით იაპონიის ბაზარზე შევიდა - ეს ესპანური წყლის ოპერატორებისთვის პრეცედენტული შემთხვევაა. ამასთანავე, მიმდინარე წელს Aqualia-მ პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა ესპანეთში, საფრანგეთსა და პერუში.
Aqualia წყლის მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობით ევროპაში მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს. კომპანია მსოფლიოს 19 ქვეყანაში 45 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.