პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური ქსელები. დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყობა საკვანძი ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.
“გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით, დათქმულ ვადებში მიმდინარეობს. ჯივიპი მართლაც უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოებს ახორციელებს. წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება და შედეგად ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება.” - რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
მიმდინარე ეტაპზე გახოკიძის ქუჩაზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, დამონტაჟდა 60 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 7 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
“Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა გახოკიძის ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრული განახლება. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე წყალმომარაგების ქსელების კრიტიკული მდგომარეობა იწვევდა ისნის, სამგორისა და კრწანისის რაონების 128 000 აბონენტისთვის წყალმომარაგების ხშირ შეზღუდვას. გახოკიძის ქუჩაზე მდებარე სათავე ნაგებობიდან გამომავალი 7 მაგისტრალური წყალდენის რეაბილიტაციის შედეგად თბილისის მოსახლეობის 20%-ზე მეტს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. ”- გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.