ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, შეაჩერონ კორონავირუსზე მესამე დოზით ვაქცინაცია სულ მცირე სექტემბრის ბოლომდე, რადგან მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში ვაქცინირებულთა რაოდენობებს შორის სხვაობა იზრდება.
„მე მესმის ყველა მთავრობის შეშფოთება, დაიცვას თავისი მოსახლეობა „დელტა“ ვარიანტისგან, თუმცა ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე გამოყენეს ვაქცინების გლობალური მარაგის უმეტესი ნაწილი, გამოიყენონ კიდევ უფრო მეტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაისის მონაცემებით, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ყოველ 100 ადამიანზე ვაქცინის დაახლოებით 50 დოზაა გამოყენებული და ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის გაორმაგდა. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი, ვაქცინის ნაკლებობის გამო ყოველ 100 ადამიანზე გამოყენებულია ვაქცინის 1,5 დოზა.