ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე წინასწარი რეგისტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყებამ ამ მიმართულებით "ვაქცინაციის ოფიცრების" გადამზადების პროექტი დაიწყო.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის ოფიცრები რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას მოახდენენ და პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას ამ პროცესში, რადგან გამოიკვეთა, რომ რეგისტრაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობს. ჩვენი მოქალაქეები არ არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილები, რათა მათ პლატფორმაზე რეგისტრაცია შეძლონ. აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს. პროექტში ახალგაზრდები ჩაერთვებიან და ისინი კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების როგორც ინფორმირებას, ასევე ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაციას მოახდენენ“, - განაცხადა მინისტრმა.