პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში ამ კუთხით არსებული პროგრესი გააცნეს და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებსაც. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა აქტიურად ხორციელდება.
რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონეს და განაცხადეს, რომ პირველადი ჯანდაცვა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია. თავის მხრივ, თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ სამინისტროს სახელით უცხოელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.