ასე ეძახიან, „თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას. მართლაც ასეა, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, რისკი არსებობს.
„რისკი კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომლის შესახებ ინფორმაცია წინა კვირის ოთშაბათს გაავრცელა ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგანიზაციამ, დღეისთვის გარკვეულწილად უნიკალურია, რადგან ის ჰიბრიდული ვარიანტია.
„ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის ამ მუტაციას ერთდროულად გააჩნია, როგორც „დელტა“, ისე „ომიკრონის“ ვარიანტის ელემენტები. როდესაც კორონავირუსის პანდემიის ტალღა გამოწვეულია ერთი ვარიანტით და მეორე ვარიანტში გადადის, მაშინ დიდია შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე ადამიანს ჰქონდეს ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსი. თუ საქართველოს რეალობაზე გადმოვიტანთ, ქვეყანაში იანვარში ცირკულირებდა როგორც კორონავირუსის „დელტა“ მუტაცია, ისე „ომიკრონიც“. ასე რომ სავსებით შესაძლებელია, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად ჰქონდათ ორი ვირუსის მუტაციის შედეგად მიღებული ვარიანტი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს მოსალოდნელი ვირუსია თავისი ბუნებით“,-განაცხადა ჩხაიძემ.
მის თქმით, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, შეიძლება თუ არა ეს ვირუსი ისეთი დომინანტური და ისეთი მძიმე დაავადების გამომწვევი გახდეს, როგორც მაგალითად, „დელტა“.
„თუ შევაფასებთ, რომ ახალ ჰიბრიდულ ვარიანტს ორი სხვადასხვა მუტაციის ელემენტები აქვს წამოღებული, მოსალოდნელია, რომ ის იყოს უფრო სწრაფად გადამდები, უფრო მძიმე და ვაქცინებს წინააღმდეგობა უფრო მეტად გაუწიოს, თუმცა, ასე არ არის. დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომელიც „დელტაკრონს“ აფასებს, როგორც პოტენციურად შეშფოთების კატეგორიის მქონე ვირუსს, რომელსაც საზოგადოებივი ჯამრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია“,-განაცხადა ჩხაიძემ.