საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნაზე.
ამის შესახებ მან დღეს, 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა.
„მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა. დღეს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომლითაც სააკაშვილს საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა, მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – თქვა მინისტრმა.
ის, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართეს.