იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
„ეს რომ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, გამოჩნდა 17 მაისს, მაშინ, როდესაც ოჯახური ღირებულებების დასაცავად ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი – 600 ათასზე მეტი ადამიანი თბილისსა და რეგიონებში გაერთიანდა სწორედ ამ ფასეულობებისა და ღირებულებების ირგვლივ, რომელსაც დღეს საკანონმდებლო ჩარჩოს სახეს ვაძლევთ“, – განაცხადა მომხსენებელმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტზე საკომიტეტო მოსმენების გამართვა აღნიშნულ საკითხებზე კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვის პარალელური პროცესია. როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო პაკეტით ხდება აღსრულების მექანიზმებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრა.
კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, დაუშვებელია.