არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა.
„წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება. ასევე, იყო უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და მათი ნების კონტროლის ფაქტებიც. ჩვენი შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას შესაძლოა არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა მოეხდინა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა იყოს შეფასებული არჩევნების საბოლოო შეფასებისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ჯერ კიდევ აგროვებს მონაცემებს დამკვირვებლებისგან, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე.
არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეიმჩნეოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას. ასევე, საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები. იყო დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, ასევე მათი დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევებიც, რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები.
„სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებს, რომლებმაც ასევე იმოქმედა გავლენა კენჭისყრის პროცესებზე და შედეგებზე. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნების 11%-ზე გარე პერიმეტრზე გამოავლინა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები.
ორგანიზაციამ საარჩევნო უბნების 11%-ის გარე პერიმეტრზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და მუქარის ფაქტები დააფიქსირა. საარჩევნო უბანთა 19%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა მობილიზება და ტრანსპორტირება, ასევე რაც ყველაზე პრობლემურად მიგვაჩნია არის ის, რომ უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც ძალიან აღემატება წინა არჩევნების დროს მსგავსი ფაქტების გამოვლენას.
რაც შეეხება, კონკრეტულ პრობლემურ შემთხვევებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მაგალითად, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ორი შემთხვევა; მრავალჯერადი ხმის მიცემის 4 შემთხვევა; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა; დამკვირვებლის უფლების შეზღუდვისა და უბნიდან გაძევების 11 შემთხვევა; 1-ზე მეტი ბიულეტენის გაცემის 18 შემთხვევა; გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა. ასევე, ვნახეთ ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებული შემთხვევები. განსაკუთრებით პრობლემური იყო, უბნის მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც დამკვირვებელს სათანადოდ არ ეძლეოდა ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, საბოლოოდ, 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს. აქედან, 100-ზე მეტი არის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხოლო 97 საოლქო საარჩევნო კომისიაში. 70-ამდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, 1 საჩივარი შეტანილია ცესკოში.
უბნის გარე პერიმეტრთან დაკავშირებით, დაახლოებით 100-ზე მეტი ინციდენტი იყო. დაახლოებით 170 ინციდენტი უბნის შიგნით“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „როდის გამოაქვეყნებთ PVT-ის (პარალელური დათვლის) შედეგებს და რა პროცენტული მაჩვენებლები დაჯდა?“, – ნინო დოლიძის თქმით, დათვლის პროცესთან დაკავშირებით სერიოზული მანიპულაციები და დარღვევები არ არის, მაგრამ როგორ დადგა ეს შედეგები, ამასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი პრობლემური საკითხი.
„ამიტომ ვუსვამთ ამას ხაზს, როგორ დადგა ის შედეგები და რამდენმა ფაქტორმა იმოქმედა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს იმ ბევრი პრობლემური დარღვევის და ფაქტის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ. მხოლოდ ასე შემიძლია გიპასუხოთ, რომ ნაკლებად გვაქვს შეკითხვები უკვე დამდგარ შედეგთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე გამოვლენილმა შედეგებმა, ჩვენი აზრით, იმოქმედა ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე და მათ შორის, შედეგებზე გავლენა მოახდინა. ჩვენ გვაქვს შეკითხვები პროცესთან დაკავშირებით, ხოლო უკვე დამდგარ შედეგებთან დაკავშირებით დათვლის დროს ამ ეტაპზე ბევრი პრობლემა არ გამოგვივლენია, მაგრამ ჯერ კიდევ ვიღებთ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ ზეგავლენაზე. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.