
მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, მადლობა ღმერთს, რომ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განაცხადა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არის მოთავსებული.
კობახიძის თქმით, ის დაინტერესებულია ყველა დეტალით და ამ საქმესთან დაკავშირებით, მისი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული.
„თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ, ბუნებრივია, ექიმებისგან და დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, რომ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი.
მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო მყისიერად და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის.
მე ყველაფრით დავინტერესდი და, რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. თქვენ იცით, კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და, ზოგადად, ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი.
თავისი შინაარსით, ეს არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, უამრავი ტყუილი, შეურაცხყოფა, ცილისწამება ვრცელდება კონკრეტული მედიების მხრიდან, ამიტომ არავის უნდა უკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას, თუმცა პრემიერმა დასძინა, რომ მას არ უთქვამს, რომ რიჟვაძემ მედიები იგულისხმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მაგალითი მოიყვანა, დანარჩენი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“. ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული, სტრესულია პოლიტკოსის ცხოვრება, მას აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, რომ დათესოს სიძულვილი ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია და ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. სიძულვილის მუდმივი დათესვა ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის არ უნდა უკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება [რიჟვაძის წერილში], მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე და დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.