ჩემს ანგარიშში ძირითადი აქცენტი გაკეთდება 8 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე არსებულ პერიოდზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერის ანგარიშის წარდგენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერის თქმით, საშემოდგომოდ იქნება წარდგენილი ოთხწლიანი გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესახება მმართველ გუნდს ქვეყნის განვითარება.
ამ ანგარიშში არის ასახული გასული წლის ღონისძიებები, რაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ბოლო რამდენიმე თვეზე. 8 თებერვლამდე მე წარვადგინე ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ და ძირითადი აქცენტი გაკეთდება 8 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე არსებულ პერიოდზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. გარდა ამისა, ჩვენ საშემოდგომოდ წარვადგენთ 4 წლიან გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ეს იქნება ყოვლისმომცველი საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში, ეს საარჩევნო პროგრამა გადაითარგმნება ქვეყნის ოთხწლიან სამთავრობო პროგრამაში, – განაცხადა პრემიერმა.