რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, დღესაც ვერ შევცვლი ამ პოზიციას. ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე, აქ არ ვგულისხმობ ევროკავშირს და აშშ-ს. პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის ეხებოდა საკითხს, თუ ვის გულისხმობს „გლობალური ომის პარტიაში“.
პრემიერის თქმით, მას გაუჭირდება კონკრეტული პირების დასახელება.
„გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის ძალიან სამწუხარო. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, რადგან ევროკავშირში გადაწყვეტილებები მიიღება სრული კონსესუსით. შესაბამისად ის საკმარისია, „გლობალური ომის პარტიამ“ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე, შემდეგ ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში. გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვთ სერიოზული გავლენა. დიდი იმედი მაქვს, ეს ვითარება სამომავლოდ თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ასევე ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიის“ გავლენისგან“, – განაცხადა კობახიძემ.