ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები პრემიის სახით სამ მილიონ ლარს მიიღებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, განკარგულება პრემიის გაზრდის თაობაზე დღეს განიხილება.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია 850 ათასი ლარის ოდენობით. გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღე გადაწყვეტილება, პრემიის მოცულობა გავზარდოთ სამ მილიონ ლარამდე. სამი მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.