ამ პროცესში რაც არის კარგი ისაა, რომ სისტემა იწმინდება. ასევე, აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს, მაგრამ, როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ის საზოგადოებას სთავაზობს დისკუსიას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე.
„ამ პროცესში რაც არის კარგი - სისტემა იწმინდება, სხვადასხვა კუთხით იწმინდება სისტემა და თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად ეს სისტემა გადასული. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი.
კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთანაა დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ის ტესტებიდან - საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. მინდა, შევთავაზო ყველას, ვისაც წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება გაუჭირდა - აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის. თუმცა, აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს. გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას შევთავაზეთ ღია დისკუსია "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით. ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს აქ მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ასევე ვართ გახსნილი დისკუსიისთვის, ნებისმიერი გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ, მობრძანდით და გავმართოთ გნებავთ საჯარო, გნებავთ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან. აქაც დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ გულწრფელ ადამიანს არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების უფლებას. რატომ? - იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება“,- განაცხადა კობახიძემ.