მაქვს იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არსებული არასწორი რელსებიდან გადავა სწორ რელსებზე. თავის დროზე, ყოფილმა ელჩმა იმდენი რამ გააფუჭა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების სურვილია, ყველაფერი გაკეთდეს მომავალში პარტნიორული ურთიერთობების გასამყარებლად.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში რეალურად პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს, ეს არის ჩვენი სურვილი. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა მოქმედი ეოლჩის მიმართ, რომლის საქმიანობა არის თვისებრივად განსხვავებული წინა ელჩის საქმიანობისგან. შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. მაქვს იმედი, რომ არსებული არასწორი რელსებიდან ეს ურთიერთობები გადავა სწორ რელსებზე. თავის დროზე, ყოფილმა ელჩმა იმდენი რამე გააფუჭა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება უბრალოდ, პრაქტიკულად თუ თეორიულად იყო შეუძლებელი. მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა სავიზო შეზღუდვებს არ აქვს.
„გახსოვთ, თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა ამას არავითარი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე, არ შეუზღუდია სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამერიკის რეპუტაციაზე იმოქმედა, რა თქმა უნდა. როდესაც სავიზო შეზღუდვას აწესებ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე, ეს შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებს. ამ შემთხვევაში, ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.