საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,112"-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
დოკუმენტის თანახმად, 112 აეროპორტების გაერთიანების მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგების ციკლს ჩაატარებს.
,, მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება სერვის პლიუსის და სტრესის მართვის ტრენინგების ჩატარება, ასევე სხვა იმ სერვისებთან დაკავშირებული ტრენინგების, რომელიც მგზავრთან ურთიერთობისას არის საჭირო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-თან ჩვენი თანამშრომლობა არის პრეცედენტული. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრის ხელმძღვანელობას ამ თანამშრომლობისა და შესაძლებლობისთვის. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ მსგავსი ფორმატით ვთანამშრომლობთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
სასწავლო ტრენინგები სერვის პლიუსსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ქუთაისის, მესტიის ამბროლაურის და სამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებისთვის ჩატარება იგეგმება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდება.