ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მოლაპარაკება როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე და ასევე დაემატოს ჩარტერული რეისები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ბიჭები ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
„აუცილებლად შევეცდებით, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, სრულად დავაკმაყოფილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ამასთან, ქარქაშაძემ სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.
„ჯერ კიდევ ვერ გამოვედით ემოციებიდან და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს ეს ისტორიული გამარჯვება. ისტორია დაწერილია, ისტორია, რომელსაც აუცილებლად მოვუყვებით შვილიშვილებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.