ინტენსიური თოვის გამო, დილიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. მოძრაობას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური, დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.
შეზღუდვებია ენერგომომარაგებაშიც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. რეგიონის მასშტაბით 22 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.