gorgia
ავერსი legi

 „დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ ის ობიექტები, რომელთა შესახებაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მივეცით დაპირებები. ეს შეეხება როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სამშენებლო სამუშაოები. ასევე, დავათვალიერეთ №1 საშუალო სკოლის ტერიტორია, რომელიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია რაც დანგრეულია. მოგეხსენებათ, რომ სამინისტრომ გამოაცხადა პროექტირებებზე კონკურსები. დღეს აქ ვიმყოფებით გამარჯვებულ არქიტექტურულ კომპანიასთან ერთად, რომელმაც პროექტირება უკვე დაიწყო. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან შევძლებთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.


მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო-სოციალური ინფრასტრუქტურის მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.


სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილებას, ისე საჯარო სერვისებს.


სამეგრელოში ინტენსიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია. უკვე დაგეგმილია ამავე გზის მე-11 კმ-ზე, მდინარე ტორჩიაზე, 16.1-მეტრიანი ახალი ხიდის მშენებლობაც. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებულია და პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.


ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში ახორციელებს წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას. პროექტი მოიცავს სათავის, გამწმენდი ნაგებობის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარებისა და აღრიცხვის სისტემების მოწყობას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას. სამუშაოების 42% უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულების შემდეგ, 6300-მდე მომხმარებელი 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტში სულ მიმდინარეობს ორი წყლის პროექტი, ჯამური -25,5 მილიონი ლარის ღირებულებით.


მინისტრი ასევე გაეცნო სოფელ ობუჯში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი. განახლებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მლნ ლარია.


მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის ახალი, 600-მოსწავლიანი შენობის პროექტირებას. თანამედროვე მოდელი, რომელიც შემდგომში სხვა რეგიონებშიც იქნება გამოყენებული, მოიცავს მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სპორტულ სივრცეებს, ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას და სრულად ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას.


ინფრასტრუქტურის სამინისტრო განაგრძობს რეგიონებში სატრანსპორტო, წყალმომარაგების და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.


მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და ილია ინჯიასთან, საატომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან გუბაზ საჯაიასთან ერთად გაეცნო.

 

90