
დიდთოვლობის გამო, იმერეთში 149 მაღალმთიანი სოფელი ჩაკეტილია. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი ამბობს, რომ თოვლია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 148 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები.
"იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში 46 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, ძლიერი ქარბუქის გამო გართულებული იყო ტექნიკის ეფექტური გამოყენება. ამ დროისთვის 148 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები.
ამ წუთის მდგომარეობით ჩაკეტილია მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრამდეა.
ელ. ენერგია არ მიეწოდება 29 790 აბონენტს, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 237 აბონენტს", - განაცხადა ლევან ზალკალიანმა.
მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია. 12-ვე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.