საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. საუბარია პრემიერის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არასდროს სმენია, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სასამართლო სისტემის კრიტიკა ევროპისა და აშშ-ისგან.
აშშ-ის ყოფილი ელჩი აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამის განცხადებას და წერს:
„ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გადახედეთ ადამიანის უფლებათა ანგარიშს - ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლო სისტემის მიმართ. მაგალითისათვის 2011 წელი: ”ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, ”მთავრობის ოფიციალური პირების მიერ პატიმრებისადმი ცუდად მოპყრობა“, ”სასამართლოს წარმომადგენლები განაგრძობდნენ მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ", - წერს იან კელი “ტვიტერზე“.
მისივე თქმით,"ეს სააკაშვილის სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ს კრიტიკის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია".
"ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს, სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად", - წერს ყოფილი ელჩი.