გვინდა, ვიხილოთ საქართველოს სწორი მიმართულებით სვლა მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობისკენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და ნატო-ს შორის პარტნიორობა და მისი უფრო მეტად განვითარების გზები. მივესალმები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია, უსაფრთხოების სფეროში კომუნიკაციები“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიულოცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„ახლა მნიშნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს და გააძლიეროს საშინაო რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველოს სწორი მიმართულებით სვლა მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობისკენ. ნატო გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას ამ მისწრაფებების შესასრულებლად თქვენი მუშაობის დროს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.