
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, 24 საათში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან 699 ადამიანი გადმოვიდა, საიდანაც ინფიცირებული მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.
როგორც გამყრელიძემ მედიავებინარზე აღნიშნა, აპრილის შემდეგ აფხაზეთის რეგიონიდან გადმომსვლელთა რიცხვი გაიზარდა და ამ პერიოდში კორონავირუსი 83 შემთხვევაში დადასტურდა. რაც შეეხება ვაქცინაციას, გამყრელიძის თქმით, გადმოსული მოქალაქეებს შორის აცრის მსურველთა რიცხვი იზრდება და მათ ადგილობრივი ხელისუფლება სამ ვაქცინას შორის არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.
„აპრილიდან მოყოლებული ყოველდღიურად კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვლა ავიდა რამდენიმე ასეულის ფარგლებში. გუშინ, 24 საათში გადმოვიდა 699 ადამიანი და იყო ერთი ინფიცირებული. ყველა გადმოსული ადამიანი იტესტება სწრაფი ტესტით და თუ დადებითია, თავსდება რუხის საავადმყოფოში ან კოვიდსასტუმროში სამეგრელოს ტერიტორიაზე.
ზოგადად, აპრილის შემდეგ, რაც მიმოსვლა გააქტიურდა, გადმოსულ ადამიანებში 83 შემთხვევა დადასტურდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ჩვენმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებმა ენგურის ხიდზე გაზარდეს ტესტირების ჩამტარებელთა ჯგუფების რაოდენობა, რათა იქ დიდი რიგი არ შეიქმნას.
რაც შეეხება აცრებს, ბოლო მონაცემებით, ვინც გადმოვიდა კონტროლირებად ტერიტორიაზე 124 ადამიანი იყო აცრილი. აცრის მსურველთა რიცხვი მატულობს, რაც კარგია. რაც მეტი ჩვენი თანამემამულე აიცრება აფხაზეთის რეგიობიდან, ეს მისასალმებელია. ვაქცინის დეფიციტი არ არის და ყველას ვთავაზობთ რამდენიმე ვაქცინით აცრას. ზუგდიდში 3 დაწესებულებაში ტარდება აცრა. კიდევ უფრო ფართოვდება მთლიანად სამეგრელოში აცრების ჩატარების არეალი“,- განაცხადა გამყრელიძემ.