გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გურჯაანში რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე დაესწრნენ.
როგორც პავლიაშვილმა განმარტა, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის როგორც წარმოების, ასევე ცნობადობის ზრდას.
„გურჯაანის ფესტივალი კარგი პლატფორმაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის როგორც წარმოების, ასევე ცნობადობის ზრდას; შესაბამისად, მზარდია ექსპორტის მაჩვენებლებიც”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფესტივალი, რომელიც ქალაქ გურჯაანის ახტალის პარკში გაიმართა, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 2022 წლიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.
„ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში; წარმოდგენილი იყო IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. მოეწყო შემოდგომის ნობათისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი და კერძო სექტორის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.