janmedi
ავერსი ნემო

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.

თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

უფრო კონკრეტულად, ლილუაშვილს ედავებოდნენ, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, იმ დროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც, ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.

გრიგოლ ლილუაშვილს ასევე, ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში.

სუს-ის ყოფილ უფროსსს, ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.

გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

სუს-ის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება სხვა მოწმეებთან ერთად, მიცემული აქვს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

84