jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ბევრი განცხადება, გადაწყვეტილება, რომელსაც ვხედავთ პრეზიდენტის მხრიდან, არის გაუგებარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
ამასთან, კობახიძემ დაასახელა სამი ფაქტორი, რამაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის კანდიდატურისთვის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა განაპირობა.
„ერთი ძირითადი კრიტერიუმი იყო, რომ ქალბატონი იყო. სიმბოლიზმზე კეთდებოდა აქცენტი, მათ შორის, ბატონი ბიძინას მხრიდან. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული ტრადიცია თამარ მეფიდან მოყოლებული, ვამაყობთ, რომ ქალები არიან წინა პლანზე, მათ შორის, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ტრადიციას ვეცით პატივი; მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილი ამახვილებდა ყურადღებას, იყო მისი განსაკუთრებული კავშირი ჩვენს უახლეს ისტორიასთან.  საუბარია პირადად მასზე, მის ოჯახზე. ის არის პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების და მაშინდელი საზოგადო მოღვაწეების შთამომავალი; მესამე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ ეს ადამიანი არ იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და მის პატრონებთან. ეს იყო მნიშვნელოვანი გარემოება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
როგორც კობახიძემ განაცხადა, საპრეზიდენტო კამპანიის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული კამპანიით ნათელი გახდა, რომ მას კავშირი არ ჰქონდა არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არც ამ პარტიის უცხოელ მოკავშირეებთან.
„გახსოვთ, მაშინდელი ფაშისტური კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. მისი გამოცხადება მოღალატედ, ის ბილწსიტყვაობა, რომელიც გვესმოდა გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერების მხრიდან. მაშინ რეალურად გაიშიფრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს ადამიანი არანაირად არ იყო დაკავშირებული, ისევე, როგორც მის „პატრონებთან“. მაშინ იმ ფაშისტურ კამპანიაში ჩართულები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ უცხოელი მფარველებიც, პირდაპირ ჩამოდიოდნენ უცხოელები და ხელს აფარებდნენ ფაშისტურ კამპანიას, რომელიც ზურაბიშვილს წინააღმდეგ წარმოებდა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, დროთა განმავლობაში პრეზიდენტის პოზიციები და განცხადებები შეიცვალა და მმართველი გუნდისთვის გაუგებარი გახდა. ამის მიზეზად კობახიძე გლობალური ომის პარტიის გავლენას ასახელებს.
„გავიდა გარკვეული დრო და მისი მხრიდან კეთდება განცხადებები, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ გლობალური ომის პარტიას თავისი საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, ამისი გავლენაა ის განცხადებები, პოზიციები, რომელსაც ქალბატონი სალომე აფიქსირებს. თუმცა, ამასთან ერთად პერიოდულად ჩანს, რომ ამ ადამიანს საკუთარი პრინციპები აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
265