გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ფუნქცია დაკარგა - ექვსი თვის დაგვიანებით რომ შემოვიდა, რას ეცეს ვერ მიხვდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის გიორგი ვაშაძის ინიციატივებზე საუბრისას განაცხადა, მათ ვაშაძეს შესთავაზეს, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობაში ჩართულიყო, თუმცა ვაშაძე წავიდა და ცალკე კანონპროექტი დაარეგისტრირა.
„როცა გიორგი ვაშაძემ ეს თემა გამოიტანა, ჩვენ ვუთხარით, რომ აგერ, ჯგუფი ვმუშაობთ, მათ შორის ოპოზიციაც და ჩაერთე. არა, წავიდა, ცალკე დაარეგისტრირა, რატომ იცით? - იმიტომ რომ პარლამენტში ფუნქცია დაკარგა. ექვსი თვის დაგვიანებით რომ შემოვიდა, რას ეცეს ვერ მიხვდა. პენსიონერები და სოციალური თემა უკვე დაკავებულია“, - განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, თვეების მანძილზე არაადეკვატურ პრობლემებზე იყვნენ აქცენტირებული და ახლა დუბლირება ხდება.
„ვეუბნები, ბიჭო, ერთი ბანკი მომიყვანე, ვინც თანახმაა, რომ სესხი პენსიონერებს მისცეს 15 პროცენტში კი არა, 17 პროცენტში და ახლავე ვდგები, დავხევთ ამ კონტრაქტს, დავარწმუნებთ მთავრობას, რომ გააფორმოს იმასთან ხელშეკრულება და თუ არადა მე ოპოზიციაში წავალ -თქო. როგორც თქვენ არ გინახავთ დღეს აქ, ისე არ გვინახავს მერე ჩვენ, გავიდა“, - აღნიშნა ზარქუამ.