ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის თანახმად მისმა მეუღლემ მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს პარიზის მახლობლად, Le Perreux-sur-Marne-ში ბინა შეიძინა. ბინის ნასყიდობის ღირებულებად 472,400 ევრო არის მითითებული, ფართობი კი 83 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ექს-პრემიერის ოჯახმა საფრანგეთში უძრავი ქონება დანაზოგის მეშვეობით შეიძინა. გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია წინა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, “საქართველოს ბანკში” 538 ათასი დოლარის მოცულობის დანაზოგს ფლობდა.
“ნასყიდობა, უძრავი ქონების შეძენა (ოჯახის დანაზოგი თანხით, რომელიც დეკლარირებულია 30.05.2017 - 30.05.2020 წლებში გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციებში - მარიკა ფანცულაიას სადეპოზიტო ანგარიშებზე არსებული ნაშთები), 472400, EUR,”- ნათქვამია ქონებრივ დეკლარაციაში.
საფრანგეთის გარდა გიორგი გახარიამ 2020 წელს უძრავი ქონება საქართველოშიც შეიძინა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში 2,290 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა. დოკუმენტის თანახმად, მიწის საფასურის ანაზღაურება განვადებით ხდება და მასში 2020 წელს გახარიამ 25,000 ლარი გადაიხადა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საფრანგეთში უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, გიორგი გახარიას საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა 14.5 ათას ლარამდე შემცირდა.
ექსპრემიერმა ქონებრივ დეკლარაციაში 2020 წლის ანაზღაურებად 41,000 ლარი მიუთითა.
გახარია დღეს, საკუთარი პოლიტიკური პარტიის - “საქართველოსთვის” პრეზენტაციას გამართავს. პარტიის დამფუძნებელი ღონისძიება 17:00 საათზე არის დაგეგმილი.
წყარო: BMG