ყველას შევახსენებ, რომ საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო. ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის უმაღლესი ღირებულება, შესაბამისად, ვერავის მივცემთ უფლებას, არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ და ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან.
კობახიძის თქმითვე, დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით.
„ყველას შევახსენებ, რომ საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო. ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის უმაღლესი ღირებულება. შესაბამისად, ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს. ამას ვამბობ ხაზგასმით, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. ამის წინააღმდეგ იბრძოდა ჩვენი მშობლების თაობა 80-იან წლებში და ღირსებისა და დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ მით უმეტეს, დღესაც, როცა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენთ. 35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით. არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა პარადოქსია, საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვინდა, ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რაში ხარჯავს ფულსო. არ მინდა, თვალი მინდა დავხუჭო, არ მინდა, ვიცოდე ეს ინფორმაცია. წარმოიდგინეთ, რამხელა პარადოქსი და აბსურდია ეს ყველაფერი.
ერთადერთი რამ, რასაც ითვალისწინებს კანონი, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე და საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, რომ არ მინდა მე ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნაო, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარიო, მე მინდა, ვიღაცამ აქ კიდევ ერთხელ სცადოს რევოლუციის მოწყობა საკუთარი გაუმჭვირვალე დაფინანსებითო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია.
ჩვენთვის გასაგებია, რომ არავის უხარია ფულის გამჭვირვალედ ხარჯვა, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი და ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ყველაფერი უცხოური მტრის თუ მეგობრის გავლენის შესახებ ჩვენს ქვეყანაში, რათა არასოდეს დაუშვას შეცდომა და ზუსტად განსაზღვროს საქართველოს ეროვნული ინტერესი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე“, – აღნიშნა პრემიერმა.