საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა და ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილასაა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.
აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.
რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ისრაელში, “ჰამასის” თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 300-მდე მოქალაქე, ხოლო დაშავდა 1100-ზე მეტი.