გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი თბილისს დღეს ესტუმრება.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ბერბელ ბასის ვიზიტი ქართველი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის მოწვევით იმართება. მათივე ინფორმაციით, ბერბელ ბასი შეხვდება შალვა პაპუაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ემსახურება გერმანიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
„ქალბატონი ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, ბასი განიხილავს ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას.
პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.
ვიზიტის პროგრამაში არის ასევე სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული ხაზის მონახულება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიფინგი.
გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი 12 ივლისს დასრულდება.