"სირცხვილიას" წევრის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს გეგმას ეტაპობრივად გაუმხელენ, რადგან სრულად გამხელა, საფრთხეში აგდებს ამ გეგმას.
აქციაზე შეკრებილი ადამიანები სკანდირებენ და სამოქმედო გეგმას ითხოვენ.
დიღმელაშვილის განმარტებით, გეგმის ერთი ეტაპი რუსთაველზე შეკრებილებისთვის დაახლოებით ნახევარ საათში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი, ის ვისაც სურვილი აქვს, ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაათევს.
"გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრულად გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპს. ახლა რაც შემიძლია სრულ გეგმაზე გითხრათ, აი, ხვალ დილით, ხომ არის ეროვნული გამოცდები, ხოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - დავრჩეთ აქ დილამდე, გავათენოთ ღამე და გზაში გეტყვით, როგორ მივაღწევთ შედეგს...მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მერე შეიძლება ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.