"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერმინისტრი თვლის, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.
"როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია", - წერს ივანიშვილი.