საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, გამომგონებლებო, გილოცავთ, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! თქვენ სწორედ ის თაობა ხართ, რომელსაც უკვე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა არის დაინტერესებული მეცნიერებით. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეები იღებენ და 2014 წლიდან დღემდე, მათი რიცხვი უკვე 2500-მდე გაიზარდა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი თქვენ, ახალგაზრდებს ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ.
საქართველოს მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარება გახლავთ. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილე 12-მა გუნდმა დღეს, აქ წარმოადგინა პროექტები კოსმოსის და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და კვების თემატიკაზე.
განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს და აშშ-ის საელჩოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის.
გულითად მადლობას ვუხდი ათასწლეულის ფონდსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას; ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს მიღმა თქვენ გახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც საქართველოში მომავალი თაობის – თანამედროვე ტექნოლოგების, ინჟინრებისა და გამომგონებლების მხარდაჭერას ემსახურება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, – განაცხადა ჩხენკელმა.
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი – აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა LIGGA-მ პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილი პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და მისი გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. კონკურსს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.
მეორე ადგილზე გასული გუნდი – Firelink საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. გუნდის წევრებმა შექმნეს მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის.
მესამე ადგილზე გასული გუნდის – Mad Scientist-ის წევრები კი „ლიბერთი ბანკის“ დაფინანსებით სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში გაემგზავრებიან. Mad Scientist-ის გუნდმა შექმნა პროექტი „უნივერსალური მეგობარი სახლი“. გუნდის ერთ-ერთი წევრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. სწორედ მისი გამოცდილების გათვალისწინებით, გუნდმა შეიმუშავა პროექტი, რომლის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია ხმოვანი ბრძანებებით და ხმოვანი შეტყობინებებით მართოს სახლში არსებული ნებისმიერი ტექნიკა, როგორც სახლიდან, ასევე დისტანციურად.
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, EPAM-მა, საქპატენტმა, ჯეოლაბმა, Letterato-მ და allmarket.ge-მ.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და კონკურსის მხარდამჭერი კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ათასწლეულის ინოვაციის 2022 წლის კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების 350-ზე მეტი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 66-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ STEM დარგებში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მერვე წელია ტარდება.
ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.