შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს აქვეყნებს. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.