გორის და ატენის მიტროპოლიტის, ანდრია გვაზავას განცხადებით, ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვს. მისივე თქმით, საპატრიარქო ჯერ ვერ იტყვის, რა შედეგი მოჰყვება მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ამ თხოვნას, თუმცა პასუხი ოჯახს დაუყოვნებლივ ეცნობება.
“[გახელაძის ოჯახმა] თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რათა მას გაეწია შუამდგომლობა რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ზაზასთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ გულთან მიიტანა ეს ამბავი და გადაწყდა, რომ პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი.. წერილი უკვე მზად არის და გადაიგზავნება რუსეთის პატრიარქისა და ეკლესიისადმი, რათა მათ თავისი მხრიდან გაწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა დაკავებულია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, ამ თხოვნას რა შედეგი მოჰყვება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დაველოდებით პასუხს, რომელსაც ხელათვე შევატყობინებთ ოჯახის წევრებს”,-აცხადებს გორის და ატენის მიტროპოლიტი.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.
ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.
ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.
გახელაძე ცხინვალში გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322] [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით]. 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.